суббота, 3 января 2009 г.

ვახტანგ გორგასალი და მისი სახელობის ქუჩა

რატომ ჰქვია ორთაჭალის მთავარ ქუჩას გორგასლის ქუჩა?



ვახტანგ გორგასალი 15 წლის ასაკში ქართლის მეფე გახდა. მან თავიდანვე გამოავლინა ნიჭი და სიმამაცე, გაამრავლა და გააძლიერა ქართული ჯარი. დაიწყო ბრძოლა ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისათვის, ქარტლიდან ირანელთა საბოლოოდ გასაძევებლად. დაამარცხა ოსები და ჯიქები, აფხაზეტიდან და ეგრისიდან ბიზანტიის ჯარი განდევნა. სწორედ მაშინ, დიდი ლაშქრობის დროს შეთხზეს ლექსი:
”ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან შემოესმა რეკა;
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.”
ვახტანგ მეფე სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ირანელთა წინააღმდეგ, სწორედ მათ შეარქვეს მეტსახელი ”გორგასალი”, რაც ქართულად ”მგლისთავიანს” ნიშნავს (მეფის მუზარადზე მგლის თავი იყო გამოსახული). 491 წელს ირანელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში მეფე გმირულად იბრძოდა, მაგრამ მტრის მიერ მოსყიდულმა მოღალატემ, რომელმაც იცოდა სად იყო გახეული ჯაჭვის პერანგი, მოწამლული ისრით სასიკვდილოდ დაჭრა. ვახტანგ გორგასალი მცხეთაში სვეტიცხოველში დაკრძალეს.
ვახტანგ გორგასალი გამოირჩეოდა თავისი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობითაც. მან ააშენა სვეტიცხოვლის ახალი შენობა, ციხე-ქალაქი - უჯარმა, არტანუჯი... მან დააარსა და დაიწყო შენება თბილისისა, რომელიც შემდგომ მისმა შვილმა დაჩიმ დაასრულა.
როგორც ლეგენდა მოგვითხრობს:
- ”ის ადგილი, სადაც ეხლა თბილისია, მანამდე ეჭირა ატეხილს ტყესა, რომელშიაც ბუდობდა მრავალი ნადირი. ვახტანგი ერთხელ ნადირობდა აქა და გაჩვეული მიმინო გაუყენა ხოხობს. ორივენი ჩაიმალნენ ღრმა ხევში და აღარცერთი არ გამოჩნდა. მაშინ ვახტანგი თავისი ამალით ჩავიდა ამ ხევში, ნახა მომდინარე დიდი ცხელი ნაკადული და შიგ მოხარშული მიმინო და ხოხობი. მიხვდა ამ ცხელის წყლის მარგებლობას, გაუსინჯა ამ ადგილს მდებარეობა და სცნო იგი მოხერხებულ ადგილად ციხე-ქალაქისათვის. ამიტომ უბრძანა გაეკაფათ ტყე, გაესწორებინათ ეს ადგილი და შესდგომოდნენ სახლების აშენებას. ასე დააფუძვნა ვახტანგმა ახალი ქალაქი, რომელსაც დაარქვა თბილისი იმის გამო, რომ თბილი წყლის პირად იდგა. როცა თბილისი გადიდდა და გამშვენიერდა, მცხეთის ნაცვლად დედაქალაქად თბილისი აღიარეს და სამეფო ტახტიც აქ გადმოიტანეს” (ი. გოგებაშვილი).
თბილისში გადიოდა საქარავნო გზა, რომლის გავლითაც სხვადასხვა ქვეყნიდან ტვირთი გადაჰქონდათ მეზობელ ქვეყნებში. დღეს ამ ქუჩას გორგასლის ქუჩა ჰქვია, ის თბილისის ერთ-ერთი ძველი და გრძელი ქუჩაა. მას დღესაც დიდი სტრატეგიული დანიშნულება აქვს, მისი გავლით ვუკავშირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს.

ქუჩას ზემოდან გადმოჰყურებს ვახტანგ გორგასლის ქანდაკება, რომელიც ეკუთვნის ე. ამაშუკელს. მასში კარგად ჩანს მეფის მტკიცე ხასიათი და დიდებულება.

ი.თუშიშვილი